22 თებერვალი 2020,   03:42
ვრცლად
ვისი მონაპოვარია პროპორციული არჩევნების უკვე არშესრულებული დაპირება - გრიგოლ ვაშაძის განცხადება დაპირისპირების მიზეზი ხდება

ვისი მონაპოვარია პროპორციული არჩევნების დღეს უკვე არშესრულებული დაპირება - საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გაერთიანებულ ოპოზიციაში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დამსახურება საკუთარ პარტიას მიაწერა. გრიგოლ ვაშაძის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ "გირჩი" მასთან მოლაპარაკების საერთო მაგიდასთან აღარ დაჯდება - ეს პარტიის ჩამოყალიბებული პოზიციაა.

გრიგოლ ვაშაძეს არ ეთანხმებიან საკუთარი პარტიის წევრებიც. თინა ბოკუჩავას თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საარჩევნო სისტემის ცვლილების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ არა რომელიმე პარტიის, არამედ საზოგადოებრივი პროტესტის გამო მიიღო.

გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები. მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერები ამბობენ, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების დაპირება არა პოლიტიკურმა პარტიამ, არამედ გაბრაზებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღო, რომელმაც ოპოზიციას პირობები თავადვე წაუყენა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას განცხადებით გამოეხმაურნენ "ევროპულ საქართველოში", სადაც მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პარტიის მხრიდან საერთო საზოგადოებრივი მონაპოვრის საკუთარ დამსახურებად გაცხადება არაკორექტული და არასწორია. ვაშაძის ნათქვამს გადაჭარბებულს უწოდებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

არასერიოზული და დესტრუქციული - ასე აფასებენ თავად "ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ერთობა ვერ ჩამოყალიბდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველმა გუნდმა დაპირება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გასცა. საპარლამენტო კენჭისყრამდე მისული ცვლილებები კი, ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების გადაწყვეტილებით, გასული წლის ნოემბერში ჩავარდა. მას შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიცია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები