22 თებერვალი 2020,   05:05
ვრცლად
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - საქართველოს დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და კერძო კომპანიებთან შეხვედრებს მართავს

პოლიტიკა და ეკონომიკა - ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია სხვდასხვა ქვეყნის ლიდერებთან და კერძო კომპანიებთან დღეს მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა. პრემიერ-მინისტრმა პარტნიორი ქვეყნების პირველ პირებთან და მთავრობის მეთაურებთან ოკუპაციის თემა განიხილა.

მოლაპარაკებები შედგა სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან და ლატვიის პრეზიდენტთან, ხორვატ კოლეგასთან კი საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა. ივნისში დაგეგმილი სამიტი სწორედ ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.

სატრანსპორტო ენერგეტიკულ პროექტებს, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და გიორგი გახარიამ.​ პირისპირ შეხვედრა შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთანაც.

დავოსში გაირკვა, რომ გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი დიდი ბრიტანული სტარტაპ-კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული. გლობალური სტარტაპი უკვე თანამშრომლობს საქართველოს კერძო სექტორთან, მემორანდუმი OneWeb-სა და "სილქნეტს" შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.

კერძო სექტორთან შეხვედრების ფარგლებში გიორგი გახარია "კოკა-კოლას" ვიცე-პრეზიდენტსაც ესაუბრა. მაიკლ გოლცმენის თქმით, კომპანიის მიერ საქართველოში წარმოების გაფართოება, მეტი დასაქმების შესაძლებლობას ქმნის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

დავოსში იმყოფებიან ქართველი სტარტაპერებიც, მათ ფორუმის ფარგლებში საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციაც გამართეს. ქართველ ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა და ინოვაციური იდეების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გუშინ გაიხსნა. შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. ფორუმი აქციების ფონზე მიმდინარეობს. ახალგაზრდები მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ. პროტესტის მთავარი ადრესატი შეერთებული შტატების პრეზიდენტია, რომელსაც მომიტინგეები წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებებს ის სასაცილოდ მიიჩნევდა.

ავტორი: ქეთევან ზანთარაია

დღის ამბები