20 თებერვალი 2020,   18:34
ვრცლად
"შეეშვან სარალიძეს ის ძალები, რომელთაც ამ საქმის პოლიტიკური მიზნით გამოყენება სურთ"- ადვოკატი

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა დარწმუნებულია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის უკან დესტაბილიზაციის მოსურნე პოლიტიკური ძალები დგანან. ზურაბ თოდუას მოსაზრებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს. 

"ჯერ კიდევ არიან, საუბედუროდ, ამ საქმის უკან მდგომი ისეთი ძალები, რომლებსაც აინტერესებთ დესტაბილიზაცია და ჭეშმარიტების არდადგენა აღნიშნულ საქმეზე. სწორედ ამ ძალების მიერ იქნა პროვოცირებული. ვაცხადებ, რომ შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია და ამ საქმის გამოყენება მათი ვიწრო, მერკანტილური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად,"- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესის მიმდინარეობისას მოხდა ინციდენტი, რა დროსაც მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

დღის ამბები