22 თებერვალი 2020,   04:23
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიუღია

ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარი ცემის ფაქტთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიების წარმართვის იმედი არ აქვს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასული ვიდეომასალა მტკიცებულებების სახით გააცნეს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, საგამოძიებო უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიუღია. მას ასევე არ მიუღია პასუხი იმასთან დაკავშირებით, მოხდება თუ არა მუხლის გადაკვალიფიცირება. ლევან ხაბეიშვილი საქმის ჯგუფური ძალადობის მუხლით გამოძიებას ითხოვს.

"კალაძე რომ ვცემო ახლა მე, ფარჩაკი რომ მიწოდა, მთაწმინდიდან გამოექანეო რომ თქვა, ნაძვის ხეზე დაგკიდებო - ეს შეურაცხყოფა რომ მომაყენა, ამ დროს მე რომ ვცემო, დავალურჯო, ოღონდ მარტომ არა, ჩემს კოლეგებთან ერთად, ჯგუფურად, დაგეგმილად, წინასწარ განზრახვით, რომ ამან ეს მითხრა და ამიტომ მივედი და ვცემე-თქო. რა თქმა უნდა, იქნება მყისიერი რეაგირება, მე მაშინვე დამაკავებენ. ჩემი წინასწარმეტყველება დაიმახსოვროს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ასე ტურებივით დამესიენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, საბოლოო ჯამში, ხაბეიშვილი გამოვა აქედან დამნაშავე," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ძველი თბილისის სამმართველოში ლევან ხაბეიშვილთან ერთად მისი ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილიც იმყოფებოდა. 

"ერთი საათის განმავლობაში გვაყურებინებდნენ ტელეიმედის მიერ გადაღებულ სიუჟეტს. მათ შორის, ჟურნალისტების კომენტარებს და მათ შორის იმ ვიდეომასალას, რომელშიც ძალიან თვალნათლივ არის ასახული, როგორ ძალადობდნენ ჯგუფურად საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილზე. მოქმედი კანონმდებლობით, 48 საათში, მას შემდეგ, რაც მივმართეთ ოფიციალურად და მოვითხოვეთ დაზარალებულის სტატუსი, პროკურორი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება - გვიკმაყოფილებს აღნიშნულს თუ უარს გვეუბნება," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, 24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 

 

დღის ამბები