22 თებერვალი 2020,   04:25
ვრცლად
კიდევ ერთი მიწისძვრა თურქეთში - მოსახლეობა განმეორებითი ბიძგების შიშით ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს

4000-მდე მაშველი და რამდენიმე ასეული ერთეული სპეცტექნიკა - თურქეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.

მდგომარეობა ანკარაში მომხდარმა მიწისძვრამაც გაართულა.

"კურიერმა" ქალაქ ელაზიღში ორი 5 სართულიანი კორპუსის ევაკუაცია გადაიღო. მოსახლეობა სახლებს განმეორებითი მიწისძვრის შიშის გამო ტოვებს. 

მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა მუსტაფას მოედანზე 6 სართულიანი კორპუსის დემონტაჟი. საკუთარი სახლის ნანგრევებად ქცევას მობინადრეები ჯებირებს მიღმა ადევნებდნენ თვალს.

უკვე მეოთხე დღეა ელაზიღის მოსახლეობის ნაწილი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. დანარჩენები თავს მოხალისეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გაშლილ კარვებს აფარებენ.

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სტიქიისგან დაზარალებულ 3 ქალაქში 4 თავშესაფარია გახსნილი. აქ მოსახლეობას ცხელი საკვებით, მედიკამენტებით და პირველადი მოხმარების საგნებით ამარაგებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ყურადღების გარეშე არც ერთი მოქალაქე არ დარჩება.

მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს მოხდა. სიმძლავრემ 6.8 ბალი შეადგინა. მას შემდეგ სპეციალისტების განცხადებით 900-მდე ბიძგი განმეორდა.

დღის ამბები