09 აპრილი 2020,   17:12
ვრცლად
ოკუპაცია მე-40 წუთზე  და უკრაინელი დეპუტატის პასუხგაუცემელი კითხვა - ოპოზიცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აკრიტიკებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ქართული ოცნების" წევრებისა და ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია.  მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ პრეზიდენტმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

ოპოზიციის წევრები კი მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციის საკითხს საკუთარი გამოსვლის მხოლოდ მეორმოცე წუთზე შეეხო. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მიუღებელი იყო ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა უკრაინელი დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას, ეთანხმება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ამ საკითხზე კომენტარი "კურიერთან" ალექსი გონჩარენკომაც გააკეთა:

"მე ძალიან მიყვარს საქართველო, პატივს ვცემ ქალბატონ ზურაბიშვილს. არ მინდა ამის შეფასება, თუმცა მე ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ, დავსვი კონკრეტული შეკითხვა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. პასუხი მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ამ პროცესებზე,"- განაცხადა გონჩარენკომ.

უკრაინელი დეპუტატის პასუხგაუცემელ კითხვაზე გაამახვილა ყურადღება "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.

"ალექსი გონჩარენკო ეკითხება საქართველოს პრეზიდენტს, უჭერს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მხარს, საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის პასუხი დადებითი არ ყოფილა. გამოდის, რომ საქართველო, საქართველოს გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მხარს არ უჭერს," - განაცხადა კანდელაკმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის გამო გამომსვლელს შენიშვნა მიეღო, რაც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში მოხდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გამოყოფილი 60 წუთიდან კითხვა-პასუხისთვის მხოლოდ 10 წუთი დაიტოვა, 50 წუთი კი სიტყვით გამოსვლას მოახმარა. ბაქრაძის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოკუპაციის საკითხს მხოლოდ მეორმოცე წუთზე შეეხო:

"განსაკუთრებული მოლოდინი ქალბატონ ზურაბიშვილის მიმართ არ მქონია, მაგრამ მან კიდევ ერთხელ "მოახერხა" ამ მოლოდინის გამტყუნებაც. აღარ ვიტყვი იმ პირდაპირ ტყუილებზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სასამართლო დამოუკიდებლობასთან ან საარჩევნო გარემოსთან, ან მედიასთან და უმცირესობებთან მიმართებაში, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი 2 ფაქტორს, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მეორმოცე წუთზე გაახსენდა ოკუპაცია. ამ ორგანიზაციაში ათეულობით პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრისთვის მაქვს მოსმენილი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს მისცეს ღია შენიშვნა, მისი გამოსვლის ფორმასთან და რეგლამენტთან დაკავშირებით,"- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს დელეგაციის ოპოზიციონერი წევრებისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის გამოსვლით კმაყოფილია მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველა იმ საკითხს შეეხო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან:

"შეეხო ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ეს იყო ამომწურავი კარგად აქცენტირებული მოხსენება და ასევე შესანიშნავი იყო პრეზიდენტი კითხვა-პასუხში, დაისვა საინტერესო შეკითხვები პრეზიდენტის მიმართ და ამ კითხვებს გაეცათ საინტერესო პასუხები. ის სპეკულაციები, რომელსაც მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტურად უსაფუძვლო,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები