29 თებერვალი 2020,   02:09
ვრცლად
რუსი დეპუტატები თბილისში მიპატიჟებამდე ბოდიშის მოხდას ითხოვენ - გამოხმაურება ზურაბიშვილის განცხადებაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, თბილისში 14-15 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის დაგეგმილი ვიზიტის გამო საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსეთის დელეგაცია, მათ შორის, ოკუპაციის კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატები საქართველოში შემოუშვას, PACE-ში რუსეთის დელეგაციის წევრები ეხმაურებიან:

რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი საქართველოს სტუმრად დაპატიჟებამდე ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და სიტყვა სინდისის მნიშვნელობის გაზიარებას ურჩევს:

"ვფიქრობ, თუ ქართული მხარე ბოდიშს მოიხდის იმ ინციდენტის გამო, რომელიც სახელმწიფო დუმის დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებით მოხდა, ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჯერ ბოდიშს ვიხდით და  მერე მივდივართ სტუმრად, არ შეიძლება წახვიდე სტუმრად ქვეყანაში, სადაც აგრესიული ხულიგნები დეპუტატს თავში ბოთლებს ურტყამენ. ჩვენ ველოდებით ჩვენი ქართველი კოლეგებისგან, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ ენაში არსებობს სიტყვა სინდისი, ამ სიტყვის მნიშვნელობას ბევრი გაიზიარებს. აი მაგალითად, ფრანგულში, ინგლისურში, ასეთი სიტყვა არ არის," - განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.

რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი კი აცხადებს, რომ არ სურს მისი ფაქტორი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი გახდეს:

"მე საერთოდ არ განვიხილავდი ვინ წავა, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, ამას სახელმწიფო დუმა განიხილავს. ვიაჩესლავ ვოლოდინი გადაწყვეტს, ვინ წავა რუსული დელეგაციიდან და  ვინ უხელმძღვანელებს მას. მე ვოცნებობ წავიდე საქართველოში, მაგრამ ვიცი, რომ ეს მარტივი არ არის და რა თქმა უნდა, მე არ ვისურვებდი, თუკი ჩემი გვარის მიმართ არის რაღაც მიუღებლობა, გავამწვავო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები," - აღნიშნა კალაშნიკოვმა.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ არ შეიძლება რუსეთსა და საქართველოს შორის ცუდი ურთიერთობები დიდხანს გაგრძელდეს. ამასთან, სლუცკი სალომე ზურაბიშვილსაც აქებს და მას ჭკვიან და დახვეწილ ადამიანად მოიხსენიებს:

"მოდით, არაფერი გამოვრიცხოთ დროზე ადრე, იმედი მაქვს, რომ ქართული წარმომადგენლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში იქნება დაბალანსებული, პროფესიონალური, როგორც საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც პროფესიონალი დიპლომატია. ძალიან ჭკვიანი, დახვეწილი ადამიანია, რაც საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლამაც აჩვენა, მაგრამ ამასთან, რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგობების კვანძი არ იხსნება და ამაში რუსეთი არ არის დამნაშავე. აქედან გამომდინარე, მოდით შევხედოთ, მზად ვართ თუ არა შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ჩემი ხედვით, რუსეთსა და საქართველოს შორის არ შეიძლება ცუდი ურთიერთობები დიდხანს გაგრძელდეს. მეზობლებმა უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯები სწორედ აქ, ევროპის საბჭოში გადაიდგმება,"- განაცხადა სლუცკიმ

დღის ამბები