03 აპრილი 2020,   23:48
ვრცლად
ნიუ-იორკში ლეგენდარული დიზაინერის ალექსანდერ მაქქუინის ​ნამუშევრების გამოფენა-აუქციონი მიმდინარეობს

ალექსანდერ მაქქუინის გარდაცვალების 10 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნამუშევრების გამოფენა-აუქციონი იმართება. ამ ფორმით ლეგენდარული დიზაინერისადმი პატივისცემას, მისი მეგობარი და ყოფილი კოლეგა რუთი დანანი გამოხატავს. მაქქუინის ყოფილი ასისტენტი ბრიტანელ დიზაინერთან ერთობლივი მუშაობის დროს, დაგროვებულ ნიმუშებს 20-წლიანი პაუზის შემდეგ, დღის სინათლეზე პირველად გამოიტანს.

კაბები, თარგები, ესკიზები - ლეგენდარული დიზაინერის ნამუშევრებს შორის, ისეთი ნიმუშებიც გამოიფინება, რომელსაც ალექსანდერ მაქქუინი საკუთარი ხელით ქმნიდა. 74 ლოტს შორის განსაკუთრებულია 1996 წლის კოლექციის მილიტარული სტილის "დანტეს" ქურთუკი.

კოლექციაში ბევრი განსაკუთრებული ნიმუშია. ისეთებიც რომლებიც საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. ყოველი ნიმუში განსაკუთრებულია გამოფენა-აუქციონის ორგანიზატორისთვის. რუთი დანანი ამბობს, რომ რთულია იმასთან გამოთხოვება, რაც წლების განმავლობაში, მისი შთაგონების წყარო იყო.


"ეს საკმაოდ რთულია ჩემთვის, რადგან ყოველთვის მოვდიოდი ნიმუშების სანახავად. ხანდახან იმისთვის, რომ მიმეღო შთაგონება, ან უბრალოდ გამეხსენებინა ლი, რადგან საოცარი გამოცდილება იყო მასთან მუშაობა".

გამოფენაზე მოსული სტუმარი აუცილებლად გამოცდის როგორ შეეძლო მაქქუინს ადამიანების გრძნობებზე ზემოქმედება. ჯენტლმენი მუშათა კლასიდან, მცხოვრები ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც საჭირო რესურსებზეც კი არ მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ ნამდვილი ტალანტი.

ბრიტანელი დიზაინერის ცხოვრების და შემოქმედების ჯერ კიდევ უცნობი დეტალების გაცნობას დამთვალიერებელი ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოების მუზეუმში შეძლებს. ალექსანდრე მაქქუინის კოლექციის გამოფენა-აუქციონი დღეს გაიხსნა და 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები