10 აპრილი 2020,   07:42
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დგას საფრთხის ქვეშ" - ჟურნალისტების და ბორდის წევრების ნაწილი ახალ მენეჯმენტს უპირისპირდება

აჭარის ტელევიზიასთან აქცია დასრულებულია. საკუთარი პოზიციები არასამთავრობოების, პოლიტიკოსების და კოლეგების შემდეგ, უკვე ტელეკომპანიის თანამშრომლებმაც დააფიქსირეს. ჟურნალისტების და ბორდის წევრების ნაწილი ახალ მენეჯმენტს უპირისპირდება და ზეწოლაზე საუბრობს. 

ოთხშაბათს, აჭარის ტელევიზიაში ბორდის შეკრება იგეგმება, სადაც არხის ახალი პოლიტიკის დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს, სადაც საუბარია შტატების შემცირების საკითხთან დაკავშირებითაც და მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

აჭარის სატელევიზიო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ბრძოლას სამართლებრივად გააგრძელებს და გამარჯვების იმედი აქვს.

"არ ვიცი, როგორ წარიმართება პროცედურულად ჩემი გათავისუფლების სქემა, ყველა ვარიანტში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკანონო, ეს არის ცენზურა, ეს არის გათავისუფლება იმის გამო, რომ სარედაქციო პოლიტიკა ხელში ჩაიგდოს  ხელისუფლებამ. თუკი ამას დავანახებთ ჩვენ სასამართლოს, მე  მგონი ეს პროცესი სამართლებრივად გამართულია და მე აუცილებლად გავიმარჯვებ,“ - განაცხადა  მაია მერკვილაძემ.

მიმდინარე პროცესების მიღმა პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს აჭარის სატელევიზიო მაუწყებლის ჟურნალისტი ირმა ყურუა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დგას. 

"მერწმუნეთ ხალხო, ჩვენ შიგნიდან უფრო მეტს ვხედავთ, ამიტომაც გეუბნებით ასე ღიად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დგას ახლა რისკის ქვეშ, საფრთხის ქვეშ,“ - განაცხადა ირმა ყურუამ

დღის ამბები