04 აპრილი 2020,   00:35
ვრცლად
ვაპირებთ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მივმართოთ - აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან გიორგი კოხრეიძესთან დაპირისპირებულმა თანამშრომლებმა გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ.

ისინი ტელევიზიაზე არსებულ ზეწოლასა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ გიორგი კოხრეიძის ბოლო დროინდელმა ქმედებებმა მათი ეჭვები დაადასტურა.

"ვაპირებთ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მივმართოთ კიდევ ერთხელ, რათა განგაშის ზარი უფრო ხმამაღალი იყოს. გვექნება შეხვედრა ალტერნატიული პროფკავშირების ფორმატში და აუცილებლად დავგეგმავთ, რა ბერკეტი შეიძლება გამოვიყენოთ და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, შევაჩეროთ რედაქციის კონტროლის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან," - განაცხადა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის თეონა თურმანიძის განმარტებით კი, შესაძლოა, მთელი საინფორმაციო გუნდი გაიფიცოს.

ბორდმა ორ დღეში არხის სამომავლო სტრატეგია უნდა დაამტკიციოს. ცნობილია, რომ გადაწყვეტილია საინფორმაციო სამახურის უფროსის მოადგილის შტატის გაუქმება, რასაც კოხრეიძე ტელევიზიის მცირე ფორმატს უკავშირებს. ტელევიზიის ხელმძღვანელი დამატებით განმარტებებს აღარ აკეთებს.

დღის ამბები