09 აპრილი 2020,   21:54
ვრცლად
"ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე" - გიორგი ვოლსკი ოპოზიციის პერფორმანსზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სხდომის დაწყებისას ოპოზიციის წევრების მისვლა და პერფორმანსის მოწყობა შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ. გიორგი ვოლსკი ოპოზიციონერ დეპუტატებს იმ პარტიის წარსულ საქმიანობას ახსენებს, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

"ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს. დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან და თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის მეორედ გენერალურ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, მთავარი საგამოძიებო უწყება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.  

აქვე, ვოლსკი წინა ხელისუფლებისდროინდელ პროკურატურას იხსენებს და ამბობს, რომ უწყებას  კონტროლის არანაირი მექანიზმი არ გააჩნდა და ისე მოქმედებდნენ, როგორც თავად სურდათ.

შეგახსენებთ, რომ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სხდომის დაწყებისას ოპოზიციის წევრები მივიდნენ. თინათინ ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბები გაიკეთეს და დარბაზში იმ პატიმრების სიის დარიგება სცადეს, რომლებიც მათი შეფასებით პოლიტიკური დევნილები არიან. სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

დღის ამბები