07 აპრილი 2020,   14:38
ვრცლად
პარლამენტში ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესი ოპოზიციის პროტესტის ფონზე ჩაივლის

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი უკვე დაუჭირეს. კომიტეტის დასკვნა დღეს ბიუროს გადაეგზავნება და მისი არჩევის კონკრეტული თარიღი განისაზღვრება.

ცნობილია, რომ პროცესი ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. ისინი სესიის პარალელურად პარლამენტის წინ აქციასა და შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

"შოთაძის გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა, იმიტომ რომ სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე გაუშვა მან შოთაძე ამ თანამდებობიდან.

ვაპირებთ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გავაპროტესტოთ შოთაძის დანიშვნა. ვაპირებთ პიკეტს, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ პარლამენტის შენობის შიგნითაც გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განმარტებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ მისცემს იმის უფლებას, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით კი, ირაკლი შოთაძის სახელს არაერთი გახმაურებული საქმის გამოძიება უკავშირდება.

"ირაკლი შოთაძეს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არაერთი გახმაურებული საქმის გახსნა. ასევე კონკრეტული გამოძიებების დაწყება, შესაბამისად ამას ვერ პატიობს შოთაძეს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შოთაძეს გენერალურ პროკურორად დასამტკიცებლად დეპუტატების 76 ხმა დასჭირდება.

 

დღის ამბები