04 აპრილი 2020,   13:27
ვრცლად
ლევან გოგიჩაიშვილი შოთაძესთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს

გენერალური პროკურორობის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით განხილვა პლენარულ სხდომაზე აღარ მოხდება და მხოლოდ კენჭისყრა ჩატარდება - ამის შესახებ პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე, ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს სრულიად უპასუხისმგებლო ჯგუფებმა, მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ კომიტეტს. ამიტომ, პირველი მოსმენით დადგენილი წესით, განხილვის გარეშე, შეგვიძლია კენჭისყრაზე დავაყენოთ პირდაპირ პლენარულ სხდომაზე და ამით ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბიუროზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტს მოუწოდა, გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძისა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას.

"სად გაგონილა ორი ადამიანის საქმის გარჩევას ესწრებოდეს გენერალური პროკურორი და რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ, რომ ადამიანმა, რომელმაც დაიწყო სილქ ჯგუფის წინააღმდეგ საქმის გამოძიება, დახურა და მერე თვითონ აღმოჩნდა კონსულტანტი. მე მოვითხოვ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთოთ მოკვლევის ჯგუფი. როგორ აღმოჩნდა ბატონი შოთაძე და რა ურთიერთობებში იმყოფება ის სილქ ჯგუფის დამფუძნებლებთან და, ასევე გავარკვიოთ, როგორ აღმოჩნდა იმ შეხვედრაზე. მე ვფიქრობ, ეს არის პარლამენტის გასაკეთებელი საქმე. ჩვენ არ უნდა გაგვექცეს პროცესი ხელიდან," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები