02 აპრილი 2020,   16:34
ვრცლად
შოთაძე შეშინებული და უსუსურია - თინა ბოკუჩავა

ოპოზიციის წევრები, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ შოთაძე იქნება ბიძინა ივანიშვილის ბინძური საქმეების შემსრულებელი გენერალური პროკურორი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ შოთაძე შეშინებულია და  ირაკლი შოთაძემ ზუსტად იცის, რომ მოუწევს ბიძინა ივანიშვილის ბინძური საქმეების შესრულება.

"გუშინაც ძალიან შეშინებულად გამოიყურებოდა ეს ადამიანი, აბსოლუტურად უსუსური იყო. ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი მას იყენებს. მონურ მორჩილებაში მყოფ პიროვნებას იყენებს და იყენებს რისთვის, რომ მან მოაწეროს ხელი ყველა ბინძურ საქმეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება წინასაარჩევნოდ. გენპროკურორი კი, იქნება ის ადამიანი, რომელიც ყველა ბინძურ საქმეს მოაწერს ხელს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მთავრობა პროკურორად აბრუნებს იმ ადამიანს, რომელსაც არასრულწლოვნების მკვლელობის გაყალბებული საქმის პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე მოუწია.

მისი თქმით, ივანიშვილი საზოგადოებას დასცინის და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ოლიგარქს პარლამენტში უმრავლესობა აქვს.

"გვიბრუნებენ მთავარ პროკურორად ადამიანს, რომლის გადადგომაც თავის დროზე საზოგადოებას შეასაღეს გმირობად, როდესაც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გაყალბებულ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება მოუწია მთავარ პროკურორს. ასეთი დაცინვა ივანიშვილს საკუთარი მარიონეტებით, რა თქმა უნდა, გაუვა მანამ, სანამ მას უმრავლესობა აქვს პარლამენტში. სწორედ ამიტომ არის ოპოზიციის მთავარი და ფართო მოთხოვნა სამართლიანი არჩევნები,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით განხილვა პლენარულ სხდომაზე აღარ მოხდება და მხოლოდ კენჭისყრა ჩატარდება.

დღის ამბები