05 აპრილი 2020,   14:45
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებს

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას, პროცესებმა ქუჩიდან სამუშაო ფორმატში გადაინაცვლოს, მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა პოლიტიკური რეპრესიები შეწყდება. 

"თუ სურვილი ჰქონდათ, გონივრული კომპრომისის, უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ. მათ გადადგეს ეს ნაბიჯები. რეპრესიებს იმიტომ მიმართეს, რომ ნორმალურობისკენ ნაბიჯის გადადგმის ეშინია ივანიშვილს იმიტომ, რომ აქვს იმის ბრიყვული ილუზია, რომ არანორმალურ ვითარებაში შეინარჩუნებს ძალაუფლებას. თუ გონს მოეგება, რისი ნიშნებიც ახლა არ არის, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და ჩვენ ვითარების განმუხტვისთვის მოწადინებულები ვართ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა თავად თქვა უარი დიალოგზე მაშინ, როდესაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა დააპატიმრა.

"თუ სურდათ მათ, რომ მოლაპარაკება ყოფილიყო, ჩვენ მზად ვიყავით მართლა და შესული ვიყავით ამ მოლაპარაკებებში და მართლაც ვაპირებდით, რომ გვემუშავა მათთან. მათ თავად ააყირავეს მაგიდა, როდესაც დააკავეს გიგი უგულავა. ასე რომ, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ მოლაპარაკების გაგრძელების იმ ფონზე, როდესაც პირდაპირი ნადირობაა გამოცხადებული პოლიტიკურ ლიდერებზე,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ მმართველი გუნდისგან დიალოგის გაგრძელების შეთავაზებას დაცინვა უწოდა.

"იმ ფონზე, როდესაც ხდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შევიწროება, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მოწოდება უბრალოდ დაცინვაა და სხვა არაფერი. მათ ოპოზიციის შეთავაზება კარგად იციან, ეს სიტუაცია ხელისუფლებამვე გაამწვავა და ზუსტად ამას გამოეხმაურნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ისინიც ხვდებიან, რომ ამ ჩიხური სიტუაციის ავტორი "ქართული ოცნებაა,"- განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას დიალოგის ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები