09 აპრილი 2020,   10:13
ვრცლად
რა გეგმები აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ვანო მერაბიშვილი ციხეს ხვალ დატოვებს

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ვანო მერაბიშვილი ციხეს ხვალ დატოვებს. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების სამარტოო საკნიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სავარაუდოდ, დილით გამოუშვებენ. მერაბიშვილი აპირებს, მედიასთან ვრცელი კომენტარი სწორედ იქ გააკეთოს.

რა გეგმები აქვს სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსანს, ადვოკატი დღეს არ აკონკრეტებს. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი რთული ავადმყოფობის შემდეგ ახლა თავს კარგად გრძნობს.

ვიდრე თავად არ იტყვის, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, ვანო მერაბიშვილის თანაგუნდელები ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვას.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი, 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე ბრალი დაუმძიმდა.

რამდენიმე თვეში ვანო მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა და გენერალური პროკურორი დაადანაშაულა.

მერაბიშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს, სტრასბურგში ყოფილი პრემიერის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის 2 მუხლის დარღვევა დაადგინეს.

ხვალ დილით, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს მატროსოვის ციხესთან მეგობრები და ახლობლები დახვდებიან.

დღის ამბები