02 აპრილი 2020,   16:47
ვრცლად
შედგება თუ არა დიალოგი "ოცნებასთან"- ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებას ინდივიდუალურად ცდილობს

მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიათა ნაწილთან მოლაპარაკება დაიწყო.

პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" ხელისუფლებასთან ინდივიდუალური შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების გარეშე, პირადად მიიღო, და საკითხიც გაერთიანებული ოპოზიციის განხილვის საგანი გახდა. "გირჩი" ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული ინდივიდუალური აუდიენციის შესახებ ღიად საუბრობს, არც ფორმატთან დაკავშირებით ხედავს პრობლემას და არც მის შინაარსთან. პოლიტიკურ პარტიაში საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წევრი მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მალავს. 

ის, ვინც შეთავაზებაც მიიღო და თანხმობაც გასცა, სოციალ-დემოკრატები არიან. "ქართული ოცნებიდან" გასული ფრაქცია ყოფილ თანამოაზრეებთან საარჩევნო სისტემაზე შესათანხმებლად ყველა რესურსს იწონებს.

მმართველი გუნდიდან წასული "დამოუკიდებელი დეპუტატები" კი ინდივიდუალურ მოლაპარაკებაში ჩართვას არ აპირებენ. ფრაქცია ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად გეგმავს. მისი წევრები "ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არაფორმალურ მოლაპარაკებაზეც საუბრობენ.

მმართველ პარტიასთან რაიმე სახის გარიგებას კატეგორიულად უარყოფენ "ნაციონალურ მოძრაობაში." ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს კი, ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილების შეტანის მცდელობად აფასებენ. კონსულტაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს "ევროპული საქართველოც."

მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამორიცხავენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც. მათი ნაწილისთვის მსგავსი ფორმატი უშედეგო იქნება.

მმართველი გუნდი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან პირადი შეხვედრების შესახებ ორმხრივ მზაობაზე საუბრობს. უმრავლესობაში მიაჩნიათ რომ, საბოლოოდ, კონკრეტულ სისტემაზე შეთანხმება მოხდება, რაც მათი განმარტებით, პირველ რიგში, საზოგადოების დაკვეთაა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები