09 აპრილი 2020,   12:09
ვრცლად
საბჭოთა სიმბოლიკა და პოლიტიკური შეფასება - უმრავლესობა ოპონენტებს პროტესტის მეთოდებს უწუნებს

მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ ოპონენტებს პროტესტის მეთოდები დაუწუნა და "ევროპული საქართველოს" პერფორმანსს კონტრბრალდებებით უპასუხა. პარლამენტის დარბაზში წარსულში საბჭოთა კავშირის, ახლა უკვე  რუსეთის ჰიმნის გაჟღერება, უმრავლესობამ არა პარტიულ, არამედ საკანონმდებლო ორგანოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფად აღიქვა.

პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.

პერფმორმანსის ერთ-ერთი ავტორი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას არც დანაშაულად მიიჩნევს და არც ინსტიტუტების შეურაცხყოფად აღიქვამს. დეპუტატი "ევროპული საქართველოს" სახელით, ხელისუფლებას დისკომფორტს მომავალშიც ჰპირდება. ირმა ნადირაშვილი კი უმრავლესობას კონტრაქციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებზეც ალაპარაკდა. უმრავლესობამ სხდომათა დარბაზში ჰიმნის დაკვრასა და გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას შორის პარალელები გაავლო.

სხდომათა დარბაზში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებამ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებში აზრი ორად გაყო. ნაწილისთვის, "ევროპული საქართველოს" პერფორმანის ფორმაც და შინაარსიც მისაღებია, ნაწილისთვის - არა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საბჭოთა ჰიმნმა "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა ასახა, დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი კი პოლიტიკოსებს ოპონირების ფორმებს უწუნებს.

"ევროპული საქართველოს" პერფორმანსმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გუშინვე გამოიწვია. აქტივისტები პარტიის ოფისთან დღესაც შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა დეპუტატებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზში საბჭოთა ჰიმნი გააჟღერეს, უფლებამოსილება შეუწყდეთ.

საბჭოთა კავშირის ჰიმნი სხდომათა დარბაზში გუშინ ზუსტად მაშინ გაისმა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა და ოპონენტებს აკრიტიკებდა.

დღის ამბები