04 აპრილი 2020,   23:05
ვრცლად
20-მდე უხარისხოდ შესრულებული პროექტი ზუგდიდში - აუდიტის მორიგი კრიტიკული დასკვნა

აუდიტის მორიგი კრიტიკული დასკვნა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, 2017–2018 წელს განხორცილებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეხება. რევიზიამ უხარისხოდ შესრულებული ის 20-მდე პროექტი გამოავლინა, რომელიც ქალაქის მერიამ, გადაცდომების მიუხედავად მაინც ჩაიბარა. დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ მუნიციპალიტეტს ხარვეზების გამოვლენისა და სათანადო კონტროლის მექანიზმები არ გააჩნია. აუდიტის დასკვნასა და მუნიციპალური სამსახურების გადაცდომებთან დაკავშირებით მერმა საუბარი არ ისურვა.

ახალკახათის საბავშვო ბაღში შესრულებული სარემონტო სამუშაოებიდან 2 წლის შემდეგ ჩამოშლილია ჭერისა და კედლების ნაწილი, დაზიანებულია შენობის როგორც გარე, ისე შიდა ფასადი. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ზუგდიდის მერიამ 380 ათას ლარზე მეტი გადაიხადა.

რევიზიის შედეგად ირკვევა, რომ ქალაქში განხორციელებული ყველა დიდი პროექტი დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.

ერთ-ერთი ასეთია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეც. შენობის რეკონსტრუქციის მიუხედავად, დაბზარულია კედელი, ჭერის რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოყრილია ბათქაში, ფოიეში კი დაზიანებულია საღებავის ფენა.

აუდიტორების მწვავე დოკუმენტს შეფასებებიც შესაბამისი მოჰყვა. ადგილობრივი ოპოზიციისთვის დასკვნა ხელისუფლების უმოქმედობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. უმცირესობაში ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვაზე მიუთითებენ

მუნიციპალური სამსახურების საქმიანობაში ხარვეზების გამოვლენის შესახებ განმარტება ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ბესიკ ჭეჟიამ გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოში აუდიტორული დასკვნის შესახებ მსჯელობას გეგმავენ.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალურმა სამსახურებმა ვერ უზრუნველყვეს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება. პრობლემები გამოვლინდა ბიუჯეტიდან საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად გაცემული თანხების კუთხითაც. 2 წლის განმავლობაში მერიამ დადასტურების გარეშე 280 ათას ლარზე მეტი გასცა. მწვავე დასკვნის გამოქვეყნების პარალელურად, აუდიტორებმა ქალაქის მერიას სპეციალური რეკომენდაციებიც მისცეს.

დღის ამბები