04 აპრილი 2020,   22:27
ვრცლად
160 ლიტრი ბენზინი 70-ლიტრიან ავზში  - ზუგდიდსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს აუდიტი საწვავის ხარჯების დასაბუთებას სთხოვს

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის საწვავის გადანაწილებასთან დაკავშირებით მაკონტროლებელს შეკითხვები აქვს. თვითმმართველობის ავტოპარკი 50 ავტომანქანისგან შედგება, რომელთა საწვავით მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად 6000 ლიტრამდე ბენზინს გამოყოფდა. ადგილობრივი ოპოზიცია მერიის მხრიდან განზრახ გაბერილ ხარჯებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

რატომ უხდებოდათ მუნიციპალიტეტის ავტომობილებს საწვავის ასაღებად ათეულობით კილომეტრის გავლა და როგორ ხდება გამოყოფილი საწვავის ხარჯვის მონიტორინგი - "კურიერს" დუშეთის მერი ადგილზე არ დახვდა, ინტერვიუზე უარი თქვა მისმა მოადგილემაც.

მერიის სამეურნეო სამსახურის უფროსმა კი "კურიერთან" საუბარში კორუფცია გამორიცხა. გია ჭონქაძე ამტკიცებს, რომ საწვავის მიზნობრივი ხარჯვა მძღოლების მიერ ფურცელზე დაფიქსირებული კილომეტრაჟის მიხედვით დგინდება.

კიდევ ერთი ქალაქი, რომელსაც აუდიტის სამსახური საწვავის ხარჯვების მიზნობრიობის დასაბუთებას სთხოვს ზუგდიდია.

მთავარი მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის საფუძველზე, გამოძიების დაწყებას ითხოვს ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციაც. ოპონენტების თქმით, მერიას ასზე მეტი ავტომობილი ემსახურებოდა, რომელთა უმრავლესობა საწვავის ავზს, საშვებულებო პერიოდშიც, დღეში რამდენჯერმე ავსებდა. ოპოზიცია კორუფციასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე საუბრობს.

როგორ მოახერხა 70-ლიტრიანი ავზის მქონე ავტომობილმა 160 ლიტრი საწვავის ჩასხმა - ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ ზუგდიდის მერიაში. ქალაქის ვიცე-მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "კურიერთან" საუბარში ადასტურებენ, რომ მსგავს ფაქტებზე შიდა მოკვლევა უკვე დაწყებულია. ხელისუფლების წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ.

იკვეთება, თუ არა დანაშაულის ნიშნები ზუგდიდისა და დუშეთის თვითმმართველობების მიერ 2017-18 წლებში საწვავის მოხმარების მიზნობრიობის კუთხით ამაზე პასუხი დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებამ უნდა გასცეს. მანამდე კი დუშეთისა და ზუგდიდის მერიები ავტოპარკისთვის ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლიტრ საწვავს კვლავ მოიხმარენ.

დღის ამბები