07 აპრილი 2020,   14:04
ვრცლად
გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინფორმაციას ადასტურებენ

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და გემზე მყოფი საქართველოს 4 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციას მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაადასტურეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან, რომელიც შეიარაღებულ თავდასხმას ადასტურებს.

სააგენტოში მეზღვაურების ვინაობის შესახებ ინფორმაციას მათი უსაფართხოებიდან გამომდინარე, არ ასაჯაროვებენ.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ გემთმფლობელთან. გვიდასტურებს, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე მოხდა შეირაღებული თავდასხმა, გატაცებულია 10 მეზღვაური, აქედან 4 არის საქართველოს მოქალაქე.

ჩვენ აქტიურ კონტაქტზე ვართ როგორც გემთმფლობელთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ვესაუბრე მათ.

საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო სააგენტოს თანამშრომლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან გემთმფლობელთან. ვადასტურებთ, რომ გემთმფლობელი არის კარგი რეპუტაციის და პასუხისმგებლიანი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უვნებლად დაბრუნდნენ, ასევე ყველაფერს გააკეთებს ქართული მხარეც.

ყველანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. პროცედურულად ხდება ისე, რომ გამტაცებლები გამოდიან კომუნიკაციაზე გემთმფლობელთან. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ,"- განაცხადა თამარ იოსელიანმა. 

დღის ამბები