04 აპრილი 2020,   23:17
ვრცლად
არასრულწლოვნის გატაცება კირბალიდან - მოზარდი საოკუპაციო რეჟიმს თითქმის 20 საათის განმავლობაში უკანონო ტყვეობაში ჰყავდა

16 წლის მოზარდი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან თითქმის 20 საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ე.წ. საზღვართან არასრულწლოვანს ქართველი სამართალდამცველები დახვდნენ და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

ორი საათის განმავლობაში მოზარდს პოლიცია მშობელთან ერთად კითხავდა. გამოკითხვის შემდეგ, გათავისუფლებულმა ბიჭმა ჟურნალისტებთან გუშინდელი ღამე გაიხსენა, როდესაც ის მილიციამ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა.

16 წლის მოზარდი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა გუშინ ღამით დააკავეს. არასრულწლოვანი თანასოფლელებთან ერთად ტყის ტერიტორიაზე შეშის შესაგროვებლად იყო წასული. ე.წ. მესაზღვრეები მათთან მივიდნენ, მოზარდი ადგილზე დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მისმა თანმხლებმა პირებმა ტერიტორიის დატოვება მალევე მოახერხეს.

გატაცების გახშირებულ ფაქტებზე და მოსახლეობაში გაჩენილ შიშზე საუბრობს ე.წ. საზღვრის პირას მცხოვრები მოსახლეობა. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო მკაცრი ნაბიჯებს არ გადადგამს, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.

ხელისუფლებაში გამოსავალს მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებში ხედავენ. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, 16 წლის მოზარდის გატაცების ამბავი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რუსეთი პროვოკაციებს აწყობს.

სოფელ კირბალში მცხოვრები 16 წლის მოზარდის გატაცებამდე, საოკუპაციო ძალებს მოზარდის მამაც უკანონოდ ჰყავდა დაკავებული.

დღის ამბები