04 ივნისი 2020,   21:28
ვრცლად
გორის მერიამ სატელეფონო და სარესტორნო მომსახურებაში 138 589 ლარი დახარჯა - "ფლანგვის დეტექტორის" კვლევა

138 589 ლარი - ეს 2018-2019 წლებში გორის მერიის მიერ სატელეფონო და სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული საბიუჯეტო თანხის რაოდენობაა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ქალაქის მერია ორი წლის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებისა და სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებს ზრდიდა, მაგრამ სოციალურ პაკეტებზე თანხა არ გაუთვალისწინებია.

გორის მერიის საკომუნიკაციო და წარმომადგენლობითი ხარჯები ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. საკრებულოს ოპოზიციისთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდა მერიას 80 ათასი ლარის სატელეფონო მომსახურება და კონკრეტულად რა ღონისძიებების მასპინძლობისთვის დაიხარჯა 60 ათას ლარამდე საბიუჯეტო სახსრები. ოპონენტები კორუფციაზე საუბრობენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

გაწეული ხარჯების სიდიდის გამო გორის მერიას მოსახლეობის ნაწილიც აკრიტიკებს. გორის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ქალაქში სადაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რიცხვი მაღალია, ადგილობრივი ხელისუფლება თავს მსგავსი ფუფუნების უფლებას არ უნდა აძლევდეს.

რატომ გამოყო გორის მერიამ წვეულებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თანხა 41-ჯერ და რაში დასჭირდათ მერიის თანამშრომლებს თითქმის 80 ათასი ლარის მობილურზე სალაპარაკო დრო - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გორის მერმა არ ისურვა. "კურიერის" შეკითხვებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძე
უპასუხა. დავით რაზმაძე დარწმუნებულია, რომ ციფრები რეალობას არ ასახავს.

რამდენად დასაბუთებულად ითვისებს გორის მერია ადგილობრივ ბიუჯეტს - ამ შეკითხვას პასუხი დაინტერესების შემთხვევაში აუდიტის სამსახურმა უნდა გასცეს.

დღის ამბები