10 აპრილი 2020,   07:17
ვრცლად
მოლაპარაკებების ბედი - უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. ხელისუფლება ოპონენტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებას თვის ბოლომდე სთავაზობს.

ამ ეტაპზე ოპოზიცია კვლავ უარს აცხადებს და მთავარი მოთხოვნების - პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

"შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და პროპორციული სისტემის ირგვლივ ჩაერთოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში, ამას თუ გააკეთებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვაახლოთ დიალოგში მონაწილეობა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"ხელისუფლება თუ ფიქრობს, რომ რაღაცა ფორმულას შემოგვთავაზებს, რომელიც მისცემს ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას, 30-პროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში მაინც უმრავლესობით დააკომპლექტოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შემოთავაზებას ვერ დავთანხმდებით, იმიტომ რომ ეს სწორედ სცდება დემოკრატიული პრინციპების მოთხოვნას," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"რაღაც ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას და იმ ნაბიჯის ფარგლებში, მერე უკვე მზად ვართ, შეთანხმების მიღწევაზე ერთად ვიზრუნოთ," - განმარტა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მთავარია საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა არ დაიკარგოს და დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის მთავარი მიზანი დესტრუქცია და დაძაბულობაა

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დათმობაზე, ყოველთვის უნდა გავთვალოთ რას წარმოადგენს ეს დათმობა ციფრებში, არამარტო ქართული ოცნების მხრიდან, არამედ კომპომისი ვის მიმართ არის დასაშვები, თუ ეს ხალხს ეხება, რასაკვირველია, უნდა დავუშვათ," - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ

დღის ამბები