03 ივნისი 2020,   12:44
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ეხება გასულ წელს დისციპლინურ საჩივრებს, რომლებზეც ინსპექტორის სამსახურმა წინასწარი მოკვლევა ჩაატარა. ასეთი იყო სულ 215 საქმე, მათ უმრავლესობაზე, 87%-ზე შედგა საჩივარი, ხოლო დანარჩენი გაუქმდა. საჩივრები ძირითად შემთხვევაში უკავშირდება საქმეთა განხილვების გაჭიანურებას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ საქმეების გაჭიანურებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიზეზები ჰქონდა, ვინაიდან მიქაუტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასულ წელს ძალიან დატვირთული იყო.

"ეს არის ზოგადი ფონი ასეთი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო იცით თქვენ, რომ გასულ წელს იყო ძალიან დატვირთული, ამასთან მიდიოდა რეფორმა, როგორც გითხარით დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით და სრულად არის საფუძვლები განახლებული, შესაბამისად ჰქონდა ობიექტური მიზეზები საბჭოს იმისათვის, რომ გაჭიანურდა საქმეების განხილვა. მოსამართლეებს ნამდვილად არ ექმნებათ ამით არანაირი დაბრკოლება და შეფერხება თავიანთ საქმიანობაში," - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

მოქმედი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, რომ დისციპლინური სამართალწარმოების შესწავლა კონფიდენციალურია, შესაბამისად დოკუმენტზე კონკრეტული შემთხვევები არ არის ასახული.

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვაქვს საუბარი 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც არის 15 საჩივარზე საუბარი. აღნიშნულიდან უმრავლესობა არის დასრულებული წინა ინსპექტორის მიერ, ხოლო დაახლოებით 25 საქმე არის დარჩენილი, რომელიც უკვე არის ჩემს პერიოდში განსახილველი," – აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.

როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ინსპექტორები მედიასთან განმარტავენ, რომ 87%-ზე ინსპექტორმა თავისი როლი და ფუნქცია შეასრულა. 

"განვიხილეთ და გვქონდა 661 საჩივარი, რომელზეც, როგორც უკვე აღინიშნა 87%-ზე დამდგარია ინსპექტორის მხრიდან შედეგი, ასევე საბჭოს მხრიდან განხილულია დაახლოებით 279 საქმე, ანუ 50% ამ საქმეებისა, ამდენად ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად პრობლემები არ გვაქვს, არც იმ ფაქტს ვეთანხმები, რომ ეს არ არის ეფექტური," - განმარტავს ქეთევან ცინცაძე.

დღის ამბები