02 აპრილი 2020,   15:26
ვრცლად
საქართველოში ლგბტ თემის, რელიგიური უმცირესობებისა და გენდერული საკითხების მიმართ დამოკიდებულება კვლავ პრობლემურია- ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ლგბტ თემის, რელიგიური უმცირესობებისა და გენდერული საკითხების მიმართ დამოკიდებულება კვლავ პრობლემურია.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა. მათგან, 13 ფაქტზე წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

სახალხო დამცველმა 2019 წელს დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, დისკრიმინაციის ფორმები კანონმდებლობით აიკრძალა.

ომბუდსმენი ანგარიშში საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრობს. ასევე, ყურადღება არის გამახვილებული სექსუალური შევიწროების შემთხვევებსა და ფეხმძიმე ქალების მიმართ დამოკიდებულებაზე.

"ყველაზე მაღალი მომართვიანობის მაჩვენებელი გახლავთ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. შემდეგ მოდის განსხვავებული რელიგიური მრწამსის, განსახვავებული მოსაზრების, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნითა და განსახვავებული პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითად ვითარება წინა წლებთან შედარებით არ არის შეცვლილი. ძირითადად, ეს იყო ის საკითხები, რაზეც შარშანაც, წინა წლების განმავლობაში მოგვმართავდნენ. თუმცა, გაიზარდა მომართვიანობა სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით კერძო სფეროში. დაახლოებით 10%-მდე არის გაზრდილი ეს მაჩვენებელი," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები