04 აპრილი 2020,   23:29
ვრცლად
რაგბის საპრეზიდენტო არჩევნები ისევ ჩაიშალა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ისევ ვერ აირჩიეს. სხდომა ჩაიშალა. ყრილობაზე მხოლოდ 20 დელეგატი გამოცხადდა, რაც კვორუმისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ პროცესები ხმაურით გაგრძელდა, ჯერჯერობით უცნობია არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი.

პრეზიდენტობისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძვის: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის რეგისტრაცია საათ-ნახევარი მიმდინარეობდა. დელეგატები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. საბოლოოდ კი ყრილობა ჩაიშალა, რადგან კვორუმი არ შედგა.

ბაჩო ხურციძემ არჩევნების ჩაშლამდე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ის მოქმედ პრეზიდენტს არსებული რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ხურციძის ინფორმაციით, ის  საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბებს ხელოვნურად ქმნიდა, მისი მომხრე კლუბებისთვის პრემიალური ხმების დაუსაბუთებლად მინიჭებით.

რაგბის კავშირის იურისტი ედუარდ ნაჭყებია აცხადებს, რომ კლუბების მხრიდან პროტესტი ლეგიტიმური იყო.

"ჩუმად უნდოდათ არჩევნების ჩატარება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ადამიანი, რომელიც ფულს იპარავს, იმასთან ვერ ვილაპარაკებ. კლუბების მხრიდან კი პროტესტი ლეგიტიმური იყო,"- განაცხადა ედუარდ ნაჭყებიამ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე აღნიშნავს, რომ არჩევნებზე დელეგატები პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ.

"აუდიტის დასკვნიდან ვიმსჯელოთ შედეგებზე. ხალხი ცდილობდა სახლიდან მოეტანა ფული, რომ რაგბი შენარჩუნებულიყო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს. დელეგატები აქაც იყვნენ, თუმცა პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ არჩევნებზე,"- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძემაც გააკეთა, მისი თქმით ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.

"ხელოვნურად ხდება კლუბების იძულება და ეს ეხება მუნიციპალურ კლუბებს. ჩვენ გვყავს კონკურენტი ადამიანი, რომელსაც პირადი კავშირები აქვს მაჟორიტარებთან და მათი მხრიდან არის ზეწოლა კლუბებზე. თუ ვარ სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა თქვენ წინაშე არ უნდა ვიდგე,"- განაცხადა გოჩა სვანიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები