02 აპრილი 2020,   17:04
ვრცლად
"თუკი მინისტერიალი ჩატარდა ლავროვის ხელმძღვანელობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პროტესტი" - ჯაში 

ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს შეფასებები მოჰყვა თბილისში. პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში გონივრული იქნება, თუკი ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდება.  ჯაშის თქმით, თუკი მინისტერიალი თბილისში სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდება, ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვება, რაც სამართლიანი იქნება.

"გონივრული იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე ჩვენი საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, რომ აღნიშნული შეხვედრა ჩატარდეს სტრასბურგში. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება არის აუცილებელი, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ვშიშობ, რომ თუკი მაისში ჩატარდა აღნიშნული შეხვედრა თბილისში, მით უმეტეს, თუკი ის ჩატარდა ბატონი ლავროვის ხელმძღვანელობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი, რაც იქნება სამართლიანი,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური ოპტიმალური გამოსავლის აუცილებლობაზე საუბრობს.

"საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ არც უნდა ვიყოთ მძევალი იმის, რომ ასეთი დონის შეხვედრის ჩატარებაზე უარი ვთქვათ იმის გამო, რომ ვინმემ შეიძლება პროვოკაცია მოგვიწყოს, მაგრამ აუცილებლად არის ოპტიმალური გამოსავალი მოსაძებნი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონმდებლობა, კანონი ოკუპაციის შესახებ, მიიღებენ ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას, ეს ფაქტი არის ნათელი დადასტურება იმის, რომ ქვეყანაში ამას შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყვეს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღეს გაირკვევა, უნდა ელოდოს თუ არა თბილისი ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას და მათ შორის, იმ რუს მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ქვეყნის ოკუპაციის კანონი არაერთხელ აქვთ დარღვეული. დღის განმავლობაში სტრასბურგში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრება. 

დღის ამბები