07 აპრილი 2020,   15:02
ვრცლად
საგანგებო რეჟიმზე გადასული სასაზღვრო გამშვები პუნქტები - კორონავირუსის პრევენციისთვის მგზავრთა კონტროლი მკაცრდება

საქართვლოში COVID 19-ის დაფიქსირების შემდეგ, ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საზღვრის გადმოკვეთისთანავე თითოეული მგზავრი სპეციალურ კონტროლს გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა. საქართველოსთან სასაზღვრო რეჟიმი გაამკაცრა თურქეთმაც და მგზავრები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის ტერიტორიაზე, თურქეთის გავლით საქართვლოს ტერიტორიაზე ვეღარ შემოვლენ. კონტროლი გააძლიერეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზეც, სადაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება 6 მგზავრს არ მისცეს.

სპეციალური ზომებია მიღებული ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც. ქართველმა მესაზღვრეებმა აზერბაიჯანიდან შემოსვლის მსურველ 3 მგზავრს უარი უთხრეს. შუახნის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და შემოსვლაზე უარი ამ მიზეზით უთხრეს; უკრაინელ დედა-შვილს კი, რომლებიც ირანიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ, მედიკოსებმა პრევენციის მიზნით ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მგზავრებმა უარი განაცხადეს და უკან დაბრუნდნენ.

მგზავრთა უმეტესობას, ვისაც ვირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცეს. სპეციალური ზომებია მიღებული სადახლოსა და ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებშიც. თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალური ბრიგადები ჩამოსულ მგზავრებს დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ. შემცირდა ფრენებიც. "ვიზეარმა" ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისები შეამცირა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმება და რეგისტრაცია დაიწყო. რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო და საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე.

ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრებზე გამკაცრებული კონტროლი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესაბამისად შენარჩუნდება.

დღის ამბები