04 აპრილი 2020,   01:18
ვრცლად
რატომ არ გამოცხადდა დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო სხდომაზე - მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი ციხის საავადმყოფოში გაიმართება

სხდომაზე, სადაც გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საკითხზე უნდა ემსჯელათ, დეკანოზის ძმის პროტესტი მოსამართლის პოზიციამ გამოიწვია. ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი ციხის საავადმყოფოში გაიმართება. მიზეზად მოსამართლემ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველის მოთხოვნა და ის წერილი დაასახელა, რომელიც სასამართლომ პენიტენციური სამსახურიდან მიიღო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რომელიც დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, დადასტურებით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაადგილება. უწყების მტკიცებით, დეკანოზი მამალაძე უარს გადაადგილებაზე პირადი მოტივით აცხადებს.

თორნიკე მამალაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ მისმა ძმამ სხდომაზე დასწრებაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა. სასულიერო პირის ძმის შეფასებით, მოსამართლემ მმართველი გუნდის და საპატრიარქოს დაკვეთა შეასრულა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებას არ ენდობა არც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა. მან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ილია მეორეს დააკისრა და თქვა, რომ საპატრიარქომ სასულიერო პირი სიმართლისთვის დასაჯა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში კი მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრას ელოდებიან. ორგანიზაცია მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის, თქვა თუ არა უარი საკუთარი სურვილით სხდომაზე გამოცხადებაზე დეკანოზმა მამალაძემ. პენიტენციურის მიერ, მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ "იემსი" დამოუკიდებელ სამედიცინო დასკვნებზე საუბრობს.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს "იემსიმ" მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, დეკანოზის დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობაა, რომლის მართვის საშუალებაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია. "იემსიში" ამბობენ, რომ სასჯელის გადავადებაზე უარის შემთხვევაში სასულიერო პირის დაინვალიდების სერიოზული რისკი არსებობს. ამ შეფასების ავტორებს დამოუკიდებელ ექსპერტებს სასამართლო 5 მარტს ციხის საავადმყოფოში დაკითხავს.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები