03 აპრილი 2020,   23:42
ვრცლად
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეწყდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეწყდა.

გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო, რადგან საქართველოში დადასტურებული ვირუსით დაინფიცირების ორივე შემთხვევა სწორედ ამ ქვეყნებში ვიზიტს უკავშირდება. სატვირთო გადაზიდვების გარდა, შეჩერებულია მგზავრთა გადაყვანის პროცესიც.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება. 

"24 საათის განმავლობაში მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი ყველა შესაბამისი აღჭურვილობით ახორციელებენ თავიანთ მოვალეობას. კონკრეტულად კი ეს გულისხმობს რისკის შემცველი ქვეყნებიდან გადაადგილებული მგზავრების თერმოსკრინინგს და, საჭიროების შემთხვევაში, დანართის შევსებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან გადაადგილებულ მგზავრებს. კერძოდ, კი თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, ასეთ შემთხვევაში, ხდება მისი უკან დაბრუნება, ხოლო საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომაა, - პირველადი თერმოსკრინინგის შემთხვევაში თუ აღენიშნება ტემპერატურა, ხდება მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სხვა შემთხვევაში ხდება მისი საკარანტინო სივრცეში მოთავსება,"- განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს, ხოლო მეორე დღეს, 28 თებერვალს, დაფიქსირდა.

დღის ამბები