26 მაისი 2020,   10:53
ვრცლად
ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს - 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულმა ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი - 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები