29 მაისი 2020,   06:49
ვრცლად
ქვეყანა საყოველთაო კარანტინის პირობებში - COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული ახალი წესები

დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, რომლის მიხედვითაც გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მსუბუქი ავტომობილით კი მხოლოდ სამ ადამიანს შეუძლია გადაადგილება და ისიც აუცილებლობის შემთხვევაში.

გადაადგილება და სახლიდან გასვლა ასევე ეკრძალებათ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში.

COVID 19-ის გავრცელების მაღალი რისკის გამო მთელ ქვეყანაში უკვე მოქმედებს 9 საკონტროლო გამშვები პუნქტი. ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები, ფაქტობრივად, ჩაკეტილია. იმ პირებს, ვისთვისაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს გადაადგილება, თერმოსკრინინგი უტარდებათ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ადმინისტრაციული წესით, ფიზიკური პირისთვის 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირისთვის - 15 ათასი ლარით ისჯება.
განმეორებით დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო და ავტობუსი. ტაქსით და კერძო ავტომობილით გადაადგილება კი დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდეა ნებადართული. ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მუშაობთ სტრატეგიულ ობიექტზე, გსურთ სურსათის შეძენა ან მედიკამენტებისთვის აფთიაქში წასვლა დაგჭირდათ.

მკაცრად კონტროლდება სასურსათო მაღაზიებში შემსვლელთა რიგი. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს 1 მეტრიან დისტანციის დაცვა ქუჩაშიც უწევთ.

დისტანციის დაცვაა აუცილებელია აფთიაქში შესასვლელადაც. რეკომენდაციებს იცავენ როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციისთვის მოქალაქეების უმრავლესობა მკაცრი კონტროლის მომხრეა. ისინი, ვინც სამსახურის გამო იზოლაციაში ყოფნას ვერ ახერხებენ, გადაადგილების მხრივ არსებულ დისკომფორტზე საუბრობენ. 

მკაცრად კონტროლდებიან კერძო ავტომანქანის მძღოლები და ტაქსები. თბილისის შემოსასვლელში საგუშაგო და საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. მგზავრებს ტემპერატურას ადგილზე მობილიზებული ექიმები უმოწმებენ. საპატრულო პოლიცია კი წესრიგის დაცვასა და რეკომენდაციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი. მოწმდება რამდენი მგზავრია მანქანაში, თუ აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანის წესები დარღვეულია და ავტომანქანაში 3 მგზავრზე მეტია, ჯარიმა მძღოლის სახელზე იწერება.

პოლიცია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ რუსთავის შესასვლელსაც. როგორც თბილისში, აქაც ძალოვანები და სამხედროები მგზავრთა გადაყვანის წესებს იცავენ, ქალაქში კი 3 კაცზე მეტის თავშეყრას პოლიცია აკონტროლებს. თბილისის და რუსთავის გარდა საკონტროლო-გამშვები პუნქტები დგას საქართველოს კიდევ 7 ქალაქის შესასვლელში. გორში 5 გამშვები პუნქტია მოწყობილი. ამ ეტაპზე, შიდა ქართლში საყოველთაო კარანტინის დამრღვევი პირები არ გამოუვლენიათ.

2 საკონტროლო-გამშვები პუნქტი​ა გახსნილი ფოთში. თერმოსკრინინგი უტარდება ყველას, ვინც ქალაქში შესვლის მსურველია. ამის გამო, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მცირე ხნით ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებული იყო. როგორც ფოთის მერი ამბობს, მკაცრი ზომების მიუხედავად, ტვირთების გადაზიდვის მხრივ პრობლემა არ არის.

7 მუნიციპალიტეტს, სადაც საკონტროლო-გამშვები პუნქტებია გახსნილი, დღის განმავლობაში კიდევ 2 ქალაქი - ახალციხე და თელავი დაემატა. 

სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ბათუმში. საპოლიციო და სამხედრო ძალები ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს მკაცრად ამოწმებენ. 

18 საკონტროლო პუნქტი მოეწყო ქუთაისში. პოლიციელები ავტომობილებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებენ და მათ რეკომენდაციებს აცნობენ. ყველა ქალაქში საკონტროლო გამშვები პუნქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გუშინ დაამონტაჟეს.

დღის ამბები