03 ივნისი 2020,   07:27
ვრცლად
პაციენტმა, რომლის გადარჩენის შანსი მხოლოდ 3% იყო, კლინიკა დატოვა - საქართველო უკვე 35-ე დღეა კორონავირუსს ებრძვის

კოვიდ-19-ის დიაგნოზი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში პირველად დაფიქსირდა. კორონავირუსი ორი დღის წინ შეყვანილ პაციენტს დაუდასტურდა. 60 წლამდე მამაკაცს მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა გაიზარდა თბილისის კლინიკების ნაწილში. ერთი მძიმე, თუმცა არა კრიტიკული პაციენტი დაემატა ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 32 ადამიანი მკურნალობს.

ინფექციურ საავადმყოფოს მატება აქვს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაშიც. აქ ვირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა. დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. ჯამში, საავადმყოფოში, ამ დროის მონაცემებით, 7 ინფიცირებულია.

უცვლელია სურათი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკას ამ დრომდე კოვიდ-19-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ აქვს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 46 პაციენტი. აქედან 5 რეანიმაციაშია.

მკურნალობის მე-14 დღეს საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა ყველაზე მძიმე პაციენტმა, რომლის გადარჩენის შანსი მხოლოდ 3 პროცენტი იყო. სამედიცინო დაწესებულებაში კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 19 ინფიცირებული რჩება.

ახალი გამოჯანმრთელებული 47 წლის ქალია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკიდან გაწერეს პაციენტი ნომერი 10. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, იგი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან 26-ე დღეს გაეწერა.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, შესაძლოა, ხვალ გაეწეროს ბათუმში. ეს იქნება ვირუსის დამარცხების პირველი შემთხვევა აჭარაში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ელოდებიან განმეორებითი ანალიზის პასუხს.

რაც შეეხება 70 წლის მამაკაცს - ის დამძიმდა და კრიტიკულია, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხს პნევმონია აქვს. სტაბილურია ინფიცირებული ექთნის მდგომარეობა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით რვა პაციენტია შესული. პაციენტებს ანალიზები აუღეს და პასუხებს ელოდებიან. მათი ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი კი თვითიზოლაციიდან შევიდა. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს, ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტი კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ორი დღის წინ შეიყვანეს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ცხელებისა და სხვა საეჭვო სიმპტომების გამო საკარანტინო სივრციდან ორი მოქალაქე გადაიყვანეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. ჯამში კლინიკაში სამი პაციენტია. არც ერთ მათგანს ამ დროის მონაცემებით კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს. ექიმები კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ბოლო დღე-ღამის გამავლობაში დადასტურებული შემთხვევებიდან ორის ეპიდმისამართი დაუდგენელია. ექიმები შიდა გადაცემის ფაქტებზეც საუბრობენ.

პირველი შემთხვევა საქართველოში 35 დღის წინ დადასტურდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სულ ინფიცირების 117 და გამოჯანმრთელების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები