01 ივნისი 2020,   06:56
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 არასწრულწლოვანს დაუდასტურდა, სიმპტომები აქვს მასთან ერთად კლინიკაში შესულ დედასაც  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას კორონავირუსით ინფიცირებულებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით 4 ახალი პაციენტი მოათავსეს. მათგან ერთი მოზარდია, რომელიც ბათუმიდან მშობელთან ერთად ჩამოვიდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, მოზარდს კორონავირუსი დაუდგინდა, დედას ჯერჯერობით დადასტურებული არ აქვს, თუმცა მშობელს კლინიკური სიმპტომები აღენიშნება.

“გუშინ ჩვენთან 4 ახალი შემთხვევა შემოვიდა. მათ შორის იცით, ბათუმიდან მოდიოდა მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს დადასტურებულ არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს, ასე რომ დაუდასტურდება. ჯერჯერობით, შემოსული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ და მიღებული მონაცემებით და პაციენტის მდგომარეობის შეჯერებით, შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარეობა და მოგახსენებთ დინამიკაში,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, 4 პაციენტიდან ერთ-ერთი სომხეთიდან არის შემოსული, ორი საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო მეოთხეს წყარო ჯერჯერობით ბოლომდე დადგენილი არ არის.

"ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი თუ არ ვცდები შემოტანილია საფრანგეთიდან, და მეოთხეს წყარო ჯერჯერობით ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა,“ - ამბობს მარინა ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ამ მხრივ ვითარება უცვლელია.

"უცვლელი მდგომარეობაა, მყავს 5 მძიმე ავადმყოფი, აქედან ორი კრიტიკულია. ჯერ კიდევ არასტაბილურია მათი მდგომარეობა. დანარჩენი სამი, რომელიც იყო მძიმეზე მეტი, აი მათი მდგომარეობა დასტაბილურებულია და თუ დღესაც ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა მათი მდგომარეობა და გამოჯანმრთელება შორს არ იქნება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ. მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ქვეყანას სულ 26 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. 

"სამი ახალი გამოჯანმრთელებულ გვყავს, რომლებიც დღეს ალბათ დატოვებენ დღის განმავლობაში კლინიკას," -განაცხადა დღეს მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები