29 მაისი 2020,   07:21
ვრცლად
რუსთავში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაძლოა გაიზარდოს - რა მდგომარეობაა თბილისსა და რეგიონებში

რუსთავში ინფიცირებულთა წრე, შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს. COVID-19-ით ინფიცირებული საკრებულოს დეპუტატის და მისი მშობლების კონტაქტები უკვე შესწავლილია. თვითიზოლაციაში რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლები გადაიყვანეს. მიზეზი 27 მარტს გამართული საკრებულოს კომისიის სხდომა გახდა, რომელსაც ინფიცირებული დეპუტატიც ესწრებოდა.

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო, COVID-19-ზე შეამოწმებენ რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეუღლეს და შვილებსაც. უკვე მკურნალობს დეპუტატის დედა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ამ დრომდე, თვითიზოლაციაში არიან კომპანია "მაგთიკომის" ტექნიკური სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ოჯახმა სახლში გამოიძახა.

ირკვევა, რომ საკრებულოს დეპუტატი, რომლის ვინაობასაც "კურიერი" არ ახმაურებს, საქველმოქმედო აქციაშიც მონაწილეობდა და მოსახლეობას სამედიცინო ნიღბებს ურიგებდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ეკლესიაში სისტემატიური ყოფნის და ზიარების შესახებ, ამას ტაძრის წინამძღვარი არ ადასტურებს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რუსთავიც მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს, მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს, მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კი ამბობს, რომ თუ ზომების გამკაცრება გადაწყდება, ეს არა ცალკეულ ქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, თავდაპირველად მამამისთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე სამედიცინო დაწესებულებაშია 82 წლის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა. მისი ინფიცირების სავარაუდო წყარო შვილიშვილია. საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 64 პაციენტია. აქედან COVID-19-ს 34 ებრძვის.

ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში 18 პაციენტიდან კორონავირუსი 9-ს აღმოაჩნდა. კიდევ ორი ინფიცირებული დაწესებულებაში გვიან ღამით შეიყვანეს. მათი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შესულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მოქალაქეები საავადმყოფოში სიმპტომების გამო მივიდნენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში სამი ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელთა ანალიზის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტიდან ერთის, 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. საშუალო სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონია აქვს. დანარჩენი 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო ინფორმაციით, ბათუმში კარანტინში 2 000-ზე მეტი პირია განთავსებული.

საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსული ინფექციით, COVID 19-ით ინფიცირების 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების გამო 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

​​

დღის ამბები