29 მაისი 2020,   08:49
ვრცლად
23 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია, თითქმის სრული შემადგენლობით, უცხოელ დონორებს სთხოვს, გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის მიმართვა და ქვეყანას შექმნილ მძიმე ვითარებაში დახმარება აღმოუჩინონ.

"საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას," - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების წერილში წერილში. 

მიმართვის ხელმომწერი პარტიები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს.

ოპოზიციის ყველა ის პოლიტიკური მოთხოვნა, რომელიც კრიზისამდე იყო, ძალაში რჩება. პარტიებში ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად ხელისუფლებისგან აღებული ვალდებულებების შესრულებას ელოდებიან, მათ შორის საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუმცა შექმნილ ვითარებაში პოლიტიკურ ოპონირებას არ აპირებენ.

კორონავირუსმა რომ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა ამაზე ყველა თანხმდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კრიზისულ ვითარებაში მხარდაჭერა, მათ შორის ოპონენტების მხრიდან, მნიშვნელოვანია.

მმართველ გუნდის წევრების თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს. ქართული მხარე მოლაპარაკებას უკვე რამდენიმე დიდ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციასთან მართავს.

იმის გამო, რომ კორონავირუსმა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, საერთაშორისო დახმარების მოსაპოვებლად ხელისუფლებას განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფინანსთა მინისტრს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ ფინანსური ინსტიტუტი მზადაა საქართველოს დახმარება გაუწიოს.

 

დღის ამბები