06 ივნისი 2020,   08:42
ვრცლად
2 დღეში კორონავირუსის შემთხვევები 200 000-ით გაიზარდა - უამრავ ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია

ნიღბების პლანეტა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ზუსტად ორ დღეში მილიონს კიდევ ერთი მეხუთედით გასცდა.

ვირუსმა ახლა ზუსტად 2 დღეში დაავადა ადამიანების ის რაოდენობა, რასაც პირველ ეტაპზე მთელი 3 თვე დასჭირდა.

ჯერ კიდევ 18 მარტს, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევა 200 ათასი იყო, ახლა კი მილიონ ორასი ათასზე მეტია. გამოდის, რომ ზუსტად 2 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასით გაიზარდა. "თანამედროვე მეკობრეობა" ასე უწოდებს დასავლური მედია მსოფლიოში და ახლა უკვე ევროპის ქვეყნებს შორის დაწყებულ პირბადეების ომს.

სამედიცინო აღჭურვილობაზე და ნიღბებზე არსებული დეფიციტის ფონზე ისმის ურთიერთ ბრალდებები, როგორ მოპარა ერთმა ქვეყანამ მეორეს აღჭურვილობა.

მაგალითად თუ რომელიმე ქვეყნის აეროპორტში გზად გაჩერება უწევს პირბადეებით დატვირთულ თვითმფრინავს, მას აღჭურვილობას აღარ ატანენ, ისმის სხვა ტიპის ბრალდებებიც.

ყველაზე მძიმე ვითარება ამ ეტაპზე აშშ-შია, ბოლო 24 საათში ნიუ-იორკში 630 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის დიდი დეფიციტია შექმნილი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში დამატებით ჯარისკაცებს და ექიმებს კიდევ ჩართავს.

"სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, ახლოს ვართ უსასტიკეს კვირასთან, მსგავსი არაფერი გვინახავს არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომის დროს,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იტალიაში კვლავ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა იტალიას დაინფიცირებულების და დაღუპულების რიცხვით ესპანეთმა გადაუსწრო.

რთული ვითარებაა ასევე საფრანგეთში, ფატალური შედეგების რიცხვმა უკვე 7000- გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით თურქეთში 76 ადამიანი დაიღუპა, კოვიდ-19-ს ქვეყანაში სულ 516 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთში კი 4731 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ლეტალური შემთხვევაა 43, ხოლო გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი.

რთული ვითარებაა სომხეთში, სადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან კი ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა უკრაინაშია.

დღის ამბები