05 ივნისი 2020,   19:25
ვრცლად
COVID-19 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - რა ვითარებაა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში

მწვავე ჰუმანიტარული ვითარება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დაამძიმა და ე.წ საზღვარი 12 აპრილის შუაღამემდე ჩაკეტა. სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების საბაბით, აიკრძალა ნებისმიერი სახის მიმოსვლა. ადგილობრივების თქმით, ამ ფაქტმა მოსახლეობაში არსებული შიში გაამძაფრა. ოკუპირებულ ზონაში მედიკამენტების, სამედიცინო ინვენტარის და პროდუქტების დეფიციტია

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო დახმარებაზე. "წითელი ჯვარი" კი აცხადებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგიონში რესურსი არ არსებობს. ცხინვალელ ექიმს, ვლადისლავ ვალიევს, რომელიც ნიღბებს და ხელთათმანებს ითხოვდა, ანატოლი ბიბილოვი დათხოვნით დაემუქრა. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმები მალავენ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას. ცხინვალი უარს ამბობს საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების მიღებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ საზღვარი 14 მარტიდან დაკეტილია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამეგრელოს რეგიონში გადავიდნენ. ოკუპირებული ზონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, 43 პაციენტი გადმოიყვანეს. ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის ისტორიით კიდევ ერთი საეჭვო პაციენტი მოათავსეს დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. ის ამ დრომდე ანაკლიის საკარანტინო ზონაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აფხაზეთში ყოფნიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ ტემპერატურა დაუფიქსირდა.

კორონავირუსი არ ცნობს საზღვრებსა და ბლოკ-პოსტებს. საქართველოს ხელისუფლება კი კიდევ ერთხელ შეახსენებს მავთულხლართების მიღმა დარჩენილებს, რომ ყველა მოქალაქეზე თანაბრად იზრუნებს. ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებენ ექსპერტები. მათი შეფასებით, საქართველოში ეპიდემიის დროს ყველაზე მეტად შესაძლოა ოკუპირებული რეგიონები დაზარალდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამამ სოხუმში, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, სამედიცინო პერსონალისთვის სამედიცინო საშუალებების პირველი პარტია უკვე ჩაიტანა. დახმარების გაგზავნა უახლოესს პერიოდშიც იგეგმება.

დღის ამბები