06 ივნისი 2020,   12:59
ვრცლად
გიორგი გახარიამ EBRD-სა და ADB-ის პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

მხარეებმა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნეს-სუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

მხარეებმა ასევე განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და ის დახმარება, რომელიც შესაძლოა საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად დღესაც ხორციელდება.

აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-ისა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე.

საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომელიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ დაადასტურეს მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ი და ADB-ი საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანსა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა EBRD-ს და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობდნენ

დღის ამბები