06 ივნისი 2020,   11:49
ვრცლად
COVID-19-ით დაინფიცირებული 6 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ COVID-19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევის შესახებ ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია და არცერთი შიდა გავრცელება არ არის. მისი თქმით, მათგან არც ერთი არ არის არასრულწლოვანი.

"გუშინ დილის მონაცემებით ჩვენ გვყავდა 208 პაციენტი. დღეს დაგვემატა 6 პაციენტი და არის 214 დადასტურებული შემთხვევა. ამ 6 შემთხვევიდან სამი არის ქუთაისში გადაყვანილი და სამი თბილისში. არცერთი არ არის შიდა გავრცელება, როგორც ჩემთვის ცნობილია ყველა შემოტანილი შემთხვევაა. წყარო არის ცნობილი, ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული ან მეოთხეული გადაცემა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანას 50 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

"გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უცვლელია, გუშინაც 50 იყო და დღესაც 50-ია. ჯერჯერობით გრძელდება მონიტორინგი პაციენტებთან მიმართებაში," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმე პნევმონია 7 პაციენტს აღენიშნება.

"მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან ორი არის უფრო მძიმე, რომლებთანაც დაწყებული მკურნალობის მიუხედავად დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან,"  - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები