05 ივნისი 2020,   03:31
ვრცლად
დაიწყება, თუ არა სასულიერო პირთა მასობრივი ტესტირება - პრემიერი პროტოკოლის შეცვლაზე საუბრობს

აგრესიული ტესტირება და რისკჯგუფები - მოხვდებიან, თუ არა სასულიერო პირები მათ შორის, რომელთა ტესტირებაც COVID 19-ის ინფექციაზე პროტოკოლის შეცვლის შემდეგ მასობრივად დაიწყება - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს კონკრეტული პასუხი არ გასცა. მან ზოგადად ისაუბრა გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ პროტოკოლის ცვლილება დაკავშირებულია რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან.

"ეს უკავშირდება ყველაფერს და, პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებათან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახლა შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ. პიკს ეპიდემიოლოგები ზუსტად ვერ აფასებენ, თუმცა, ველოდებით აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისისკენ, სადღაც ამ პერიოდში. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, რომ ყველანაირი პროგნოზი პირობითია. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე, რომ ზუსტი პროგნოზების სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს, შესაბამისი ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არ არის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა როგორც მოქალაქისთვის, ისევე მთავრობისთვის და ეკონომიკისთვის,"-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა აგრესიული ტესტირების დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ იქნებიან სამიზნე ჯგუფები, რომელთაც ახალ კორონავირუსზე ტესტირება პირველ რიგში ჩაუტარდებათ. ტიკარაძემ განბმარტა, რომ ამ ჯგუფში იქნებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, თუმცა სხვა მოწყვლად ჯგუფებზე კონკრეტულად არ უსაუბრია.

დღის ამბები