02 ივნისი 2020,   22:16
ვრცლად
სოფელი მელე COVID 19-ის გავრცელების რისკზონა გახდა - სპეციალისტები თითოეულ ოჯახს ამოწმებენ

ლენტეხის მკვიდრი, COVID 19-ით ინფიცირებული 53 მამაკაცის კონტაქტების მოძიება გრძელდება. როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი ბოლოს სოფელ მელეში, მეუღლის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც, დაახლოებით 30-კაციან სუფრას დაესწრო.

სპეცალისტთა ცნობით, კონტაქტები იდენტიფიცირებულია და ყველა მათგანი გაფრთხილებულია იმ ზომების შესახებ, რომელიც ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად უნდა მიიღონ. 

სოფელში მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც თითოეულ ოჯახში მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველა მათგანი მაქსიმალურად რჩება სახლში, იცავენ დისტანციას, აკეთებენ დეზინფექციას და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ით დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის გამო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - ცაგერსა და ლენტეხში მოეწყობა გამშვები პუნქტები, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.

"კურიერის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ახალი ბლოკპოსტი სოფელ მელეს შესასვლელთანაც გაჩნდეს.

დღის ამბები