05 ივნისი 2020,   19:08
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი "ტიკტოკზე" ქვეყნების ჩამონათვალშია - რას ამბობენ საქართველოს საგარეო უწყებაში 

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი ჩინური სოციალური ქსელის, "ტიკტოკის" ქვეყნების ჩამონათვალში - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში, რომელსაც 150-ზე მეტ ქვეყანაში 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად ქვეყნებადაა აღიარებული.

ბლოგერები და დარგის სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს არის უბრალო ხარვეზი და გამორიცხავენ რაიმე პოლიტიკურ სარჩულს.

მათი შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ოფიციალური პეკინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს.

"ინტერნეტში არსებობს უამრავი კოდები, რომლებსაც პროგრამისტები თავიანთი პროგრამის დასაწერად იყენებენ. ამ კოდებს უმეტესწილად რუსი პროგრამისტები ამზადებენ. შესაძლოა ჩინელმა, ან თუნდაც იტალიელმა პროგრამისტმა ეს კოდი აიღო და თავის პროგრამაში გამოიყენა და აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი იქ არის აღნიშნული, როგორც ცალკე ქვეყანა," - განაცხადა ბლოგერმა გიორგი ჯახაიამ.

"ჩინეთი არ აღიარებს ოკუპირებულ რეგიონებს და ამ კუთხით, ჩინეთსა და საქართველოს აქვთ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, მიუხედავად იმ ლაფსუსებისა, რაც იყო ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა ამ მიმართულებით არ არის პრობლემური. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის ის ხარვეზი, რომელიც სხვა აპლიკაციების შემთხვევაშიც ყოფილა. მას შემდეგ, რაც საგარეო უწყება გააკეთებს რეაგირებას, მე არ მგონია, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა არ მოხდეს," - აღნიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრმა თეონა აქუბარდიამ.

აღნიშნულზე ინფორმაცია უკვე აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც "ტიკტოკის" დამფუძნებლებთან, ასევე ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.

კონსტანტინიდი იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება.

"მყისიერად მოვახდინეთ კომუნიკაცია ჩინურ მხარესთან. კერძოდ, როგორც პეკინში, ასევე თბილისში. ჩინეთში ჩვენი საელჩო მუშაობს და კომუნიკაცია აქვს ჩინურ მხარესთან და ასევე, მუშაობს თვითონ პლატფორმის დამფუძნებლებთან.

ჩვენ, ასევე, თბილისში ჩვენს ჩინელ კოლეგებთან გვქონდა კომუნიკაცია, ავუხსენით საქმის ვითარება, - აღნიშნა კონსტანტინიდმა.

დღის ამბები