06 ივნისი 2020,   00:14
ვრცლად
პანდემიის ახალ ეტაპი მსოფლიოში - ევროპაში ბარ-რესტორნები, ტაძრები და კურორტები იხსნება

ევროპის კონტინენტი ტურისტული ბიზნესის გადარჩენასა და პანდემიის მეორე ტალღის პრევენციაზე მუშაობას განაგრძობს. იტალიის ამალფის სანაპირო უკვე პირველ ვიზიტორს ელოდება. მკაცრი რეგულაციების მოხსნის მიუხედავად, დასასვენებლად ჩასულ ტურისტებს ჰიგიენის ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. პირველი ივნისიდან გაიხსნება ვატიკანის ცნობილი მუზეუმიც.

შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი ორშაბათიდან ამოქმედდება მადრიდსა და ბარსელონაშიც, სადაც დასაშვები გახდება ათკაციანი შეკრებები. გაიხსნება ბარები, რესტორნები და ტაძრები. დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის კი ორკვირიანი კარანტინი სავალდებულო გახდება. 8 ივნისიდან ქვეყანაში ჩასვლისთანავე ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს ონლაინფორმა და დატოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, სად იქნება ის თვითიზოლაციის პერიოდში.

პანდემიამ რთულ ვითარებაში ჩააყენა რელიგიური დაწესებულებებიც. მუსლიმ მორწმუნეებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესების გამო, მეჩეთებში ვერ ლოცულობდნენ, ბერლინში ლუთერანულმა ეკლესიამ სამლოცველო დაუთმო. გერმანიაში რელიგიური წირვები 4 მაისიდან განახლდა, თუმცა სამლოცველოებში მოსახლეობას მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ევალება.

2 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ იერულსალიმის წმინდა მიწაზე ჩასულ მომლოცველებსაც. ორთვიანი პაუზის შემდეგ, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი გაიხსნება. გადაწყვეტილება წმინდა მიწაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ მიიღეს.

დღეს ტაძრების დაუყოვნებლივ გახსნა მოსთხოვა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების გუბერნატორებსაც. ქვეყანა ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების მიხედვით ისევ პირველ ადგილზე რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში შტატებში ვირუსი 22 000-მდე ადამიანს დაუდგინდა.

ინფიცირების შემთხვევებით კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის       20 803 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 330 890-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკა შესაძლოა ვირუსის ახალი ეპიცენტრად იქცეს.

კორონავირუსმა მწვავე კრიზისის წინაშე არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ეკონომიკის სფეროც დააყენა. ჩილეში ადგილობრივებმა საკვების მოთხოვნით აქცია გამართეს, პროტესტი პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა მკაცრი კარანტინის მოხსნა მოითხოვეს.

მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ჩილეში საერთო ჯამში კორონავირუსის 47 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი.

მსოფლიოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი - 5 340 000-ს გასცდა. ვირუსს ამ დრომდე 340 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები