07 ივლისი 2020,   11:06
ვრცლად
აქცია დიღმის ჭალებში - ადგილობრივები სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრას აპროტესტებენ

დიღმის ჭალებში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც სარეკრეაციო ზონაა, ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები. ფიქრობენ, რომ ამით ტყის მასივი ნადგურდება.

ადგილობრივების პოზიციას იზიარებს თბილისის საკრებულოს ოპოზიცია, რომელიც უკანონო სამუშაოებში იმ კომპანიას ადანაშაულებს, რომლის ხელმძღვანელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული პირია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ადგილზე ყოველ ორ წუთში ერთხელ ტრაილერები სამშენებლო ნაგავს ყრიან.

"ამაზე დაცული ტერიტორია, ახლა სადაც ვდგავარ ფაქტობრივად დედაქალაქში არ არის. ეს არის დედაქალაქის ფილტვები, აქ უნდა იყოს სარეკრეაციო ზონა, გამწვანება, ტყე-პარკი, აქ ადამიანები უნდა სეირნობდნენ, მაგრამ აქ თუ ვინმეს ნახავთ მოსეირნეს, ნახავთ ე.წ. ტრაილერებს, რომლებიც ყოველ 2 წუთში ერთხელ აქ ყრიან მათ შორის სამშენებლო ნაგავს," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ადგილზე უკანონო კარიერი აქვს მოწყობილი და რეკრეაციის განადგურების ხარჯზე დამატებით მილიარდებს შოულობს.

"აქ ბიძინა ივანიშვილს აქვს მოწყობილი უკანონო კარიერი და ლანდშაფტის განადგურების ხარჯზე, რეკრეაციის განადგურების ხარჯზე, აქ მცხოვრები ადამიანების და მათი ნერვების ხარჯზე, შოულობს დამატებით მილიარდებს და მილიონებს," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები