07 ივლისი 2020,   10:16
ვრცლად
8 მარტის შეთანხმების შესრულება ისევ საფრთხის ქვეშ არის - ოპოზიციას ცვლილებების მხარდასაჭერად კვლავ საკუთარი მოთხოვნა აქვს

კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გაუჩნდებათ, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება - საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია უცვლელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდეს გიორგი რურუა. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია ქვეყნის საარჩევნო მომავლის ფორმირების პროცესში მონაწილეობას არცერთ ეტაპზე არ აპირებს.

ის, რაც ოპოზიციისთვის არჩევნების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს, მმართველი გუნდისთვის საბოტაჟია. მაშინ, როცა თბილისში ჯერ კიდევ ბუნდოვანია საარჩევნო სისტემის ბედი, ვაშინგტონში კიდევ ერთი წერილი იგზავნება. მმართველი გუნდის ლობისტური კომპანია დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ არწმუნებს,  რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესს აფერხებს, როცა ცალკეული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, ოპოზიცია დაარწმუნონ პასუხისმგებლობას არ გაექცეს. ლობისტურ კომპანის "ქართული ოცნება" ყოველთვიურად 33, 333 დოლარს უხდის.

არჩევნებამდე 5 თვით ადრე, პოლიტიკურ მოედანზე დარჩენილებმა ამ დრომდე არ იციან, რა თამაშის წესებით მოუწევთ ბრძოლა ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად 2020 წლის ოქტომბერში. სახელისუფლებო პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე წერტილის დასმას 29 ივნისს აპირებს. მმართველ ძალას კი, ხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს. ამ მოცემულობით საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში 119 ხმა გროვდება. დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმების მონაწილე ყველა მხარემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და დემოკრატიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას.

როგორც "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად პარტიაში სრული კონსენსუსია, ოპოზიციას კი კვლავ პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ.

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი კენჭისყრაზე გავა, მოსახლეობამ უნდა შეაფასოს. საყოველთაო-სახალხო განხილვა სავარაუდოდ მიმდინარე კვირას დაიწყება. ჩატარდება ორ ქალაქში და ორივეჯერ ვირტუალურად, მოგვიანებით კი პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.

113 ხმის მოგროვების შემთხვევში კი, მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული სიით გასული დეპუტატი და 30 მაჟორიტარი შევა, მთავრობას კი ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელიც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

დღის ამბები