07 ივლისი 2020,   10:20
ვრცლად
ეპისკოპოსი მარნეულის ცენტრში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვს - საპატრიარქოში ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას გამორიცხავენ

მეუფე გიორგიმ მარნეულის მერს ზაურ დარგალს, მარნეულის ცენტრში აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოსთხოვა. სინოდის წევრის თქმით, მარნეულის მერმა  ნარიმანოვის ბიოგრაფია არ იცის და ის ერთ-ერთია, ვინც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას ხელი შეუწყო. 

ეპისკოპოსის ამბიონიდან გაჟღერებული მოთხოვნა დღეს მარნეულის მერმა უპასუხოდ დატოვა. ზაურ დარგალი დუმილს ამჯობინებს და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. აღნიშნულ თემაზე დღეს მუსლიმთა საზოგადოების შეიხმა ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობს და ეს პირველი შემთხვევაა არ არის.

შუღლის გაღვივებას და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას გამორიცხავენ საპატრიარქოში. ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ მეუფე გიორგიმ აქცენტი საბჭოთა სიმბოლიკაზე და ბოლშევიკურ ისტორიაზე გააკეთა.

ადგილობრივი ოპოზიციის მტკიცებით კი, ძეგლის საკითხი ერთადერთი თემა არ არის, რაზეც წმინდა სინოდის წევრს განსხვავებული პოზიცია აქვს. მათი თქმით, მეუფე გიორგი იმ სოფლების სახელების შეცვლასაც ითხოვს, რომელშიც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. მარნეულის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მეუფის განცხადებების კომენტირებისგან თავს იკავებენ.

სამოქალაქო აქტივისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სინოდის წევრი მარნეულში ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ცდილობს. 

დღის ამბები