05 ივლისი 2020,   18:06
ვრცლად
27 მაისს საქართველოს 15 მოქალაქე ინდოეთიდან სპეცრეისით დაბრუნდება

ინდოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსის გამო სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხეს, 27 მაისს, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საელჩოსა და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, სამშობლოში დაბრუნდებიან.

დელი-თბილისი-დელის ავიარეისით, რომელსაც ავიაკომპანია Air India განახორციელებს, სამშობლოს დაუბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინდოეთის გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება დელიში მოხდა საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დახმარება გაეწია ინდოეთის სხვადასხვა შტატში მყოფ 43 საქართველოს მოქალაქეს. ინდოეთის მხარესთან კოორდინაციით, ყველა მოქალაქეს საელჩომ ხელი შეუწყო სავიზო პროცედურების მოგვარების საკითხში. გოას შტატში მყოფი 5 საქართველოს მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო სასტუმროთი და საკვებით, 2 მოქალაქე საცხოვრებელი ბინით, ხოლო 17 მოქალაქეს ორჯერ გაეგზავნა ცხელი საკვები და საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი.

ასევე, 2020 წლის მარტის თვეში, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ინდოეთში საქართველოს საელჩოს (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში) ხელშეწყობით დახმარება გაეწია ტაილანდში მყოფ 24 საქართველოს მოქალაქეს. ხოლო, აპრილისა და მაისის თვეებში, საელჩოს ძალისხმევით და საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ნიდერლანდებსა და კატარში საქართველოს საელჩოებთან და ავიაკომპანია KLM-თან და Qatar Airways-თან კოორდინაციით, ტაილანდიდან გამომგზავრება შეძლო 17-მა საქართველოს მოქალაქემ. ამასთან, საელჩომ დახმარება გაუწია ტაილანდში მყოფ 23 საქართველოს მოქალაქეს ვიზის გახანგრძლივების პროცესში. 2 მაისს საელჩომ უზრუნველყო ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე ჩარჩენილი 7 საქართველოს მოქალაქის ტრანსპორტირება ბანგკოკამდე, მათი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა 5 მაისს ტაილანდის დატოვებამდე.

დღის ამბები