07 ივლისი 2020,   11:04
ვრცლად
საქართველო ვერ მიიღებს დახმარებას დასავლეთიდან, თუ არ გაათავისუფლებს სასამართლოს - ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე

ოპოზიციის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს პლენუმის მხრიდან ერთ დღეში კანდიდატის წარდგენასა და დანიშვნას ეწინააღმდეგებიან

პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პროცესის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამგვარად დამტკიცებული მოსამართლე საზოგადოების ნდობით ვერ ისარგებლებს. 

"კონსტიტუციის ყველა ნორმა დარღვეულია. სხვა მოსამართლეებს თუ არამოსამართლე პირებს, რომელთაც, შესაძლოა, ჰქონდეთ გაცილებით მეტი კვალიფიკაცია და უზადო რეპუტაცია, ვიდრე მას, ვისაც დღეს აირჩევენ, შესაძლებლობასაც კი არ აძლევს სასამართლო კლანი, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ასე დამტკიცებულ სასამართლოს წევრს არანაირი ნდობა არ ექნება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.

ცოტა ხნის წინ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, მივიღეთ ძალიან ღია და პირდაპირი გზავნილი, რომ არანაირი დახმარება, პირდაპირი ინვესტიციები თუ ფინანსური დახმარება საქართველოსთვის არ იქნება, თუ საქართველო არ გაათავისუფლებს სასამართლოს,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში აუცილებელია რეფორმები, რომელსაც არჩევნების შემდეგ ყველა მიმართულებით გაატარებენ.

"არავის არ გვქონდა ილუზია, რომ დღეს ხელისუფლება გაითვალისწინებდა ვინმეს წინადადებებს და შეეცდებოდა, რომ საკონსტიტუციოში დაინიშნონ პროფესიული ნიშნით ნეიტრალური პოლიტიკური და მიუკერძოებელი პოზიციის ადამიანები. საკონსტიტუციო სასამართლოს სრული კონტროლი, მათ შორის, თავმჯდომარის კანდიდატურის თვალსაზრისითაც დღეს ივანიშვილისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ეს აჩვენებს იმას, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ძირეული რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრი უნდა აირჩიონ, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კანდიდატის ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ცნობილი გახდა რომ ის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვასილ როინიშვილია. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროცესის ამგვარი წარმართვა არაგამჭვირვალეა და საზოგადოების ჩართულობას ვერ უზრუნველყოფს. 

სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. მას შემდეგ, რაც ზაზა თავაძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები თავადვე აირჩევენ ხელმძღვანელს 5 წლის ვადით. 

დღის ამბები